English / ქართული / русский /
გიორგი ხარშილაძე
გლობალიზაცია და საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივა, ძირითადი გამოწვევები

ანოტაცია

წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულია ეკონომიკიგლობალიზაციის არსი, მისი ძირითადი მახასიათებლები, ჩამოყალიბების სტადიები და მიმდინარე ტენდენციები. ამავდროულად, ყურადღება ეთმობა გლობალიზაციის ფონზე საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს, ძირითად გამოწვევებსა თუ პრობლემების გაანალიზებას.

საკვანძო სიტყვები: გლობალიზაცია, ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკის ძირითადი გამოწვევები, საგარეო ვაჭრობა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

 შესავალი

XX საუკუნის შუა ხანებისთვის არსებობდა გაბატონებული აზრი, რომ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ხასიათი ძირეულად განსხვავდებოდა XIX საუკუნეში არსებული ანალოგიური ურთიერთობისგან. ამ უკანასკნელში არსებობდა იმის მტკიცე ნება, რომ ეკონომიკური განვითარების მთავარ ამოსავალ წერტილად თავისუფალი ბაზარი ყოფილიყო, რომელიც დამოუკიდებელი იქნებოდა სახელმწიფო ჩარევებისგან. მიუხედავად ამისა, ამგვარმა რწმენამ ვერ გაუძლო XX საუკუნეში მომხდარ ორ მსოფლიო ომს და ეკონომიკურ კრიზისებს. შედეგად, კიდევ უფრო ნათელი გახდა ეკონომიკური ინტერნაციონალიზმის წარუმატებლობა. სწორედ ამ პერიოდიდან ჩაეყარა საფუძველი  ეკონომიკის რეორგანიზაციას, რომლის ამოსავალ წერტილად მომწესრიგებელი სახელმწიფო  [სანიკიძე გ., 2001:148] გახდა.

XX საუკუნის 40-იანი წლების შუახანებიდან საფუძველი ჩაეყარა ე.წ. “ბრეტონ-ვუდსის სისტემას”, რომელიც ომის შემდგომი პერიოდის ეკონომიკური ურთიერთობების ქვაკუთხედად იქცა. სწორედ ამ პერიოდიდან კიდევ უფრო ნათელი გახდა სახელმწიფოს ძირითადი როლი ვაჭრობის, კრედიტების თუ შრომის სფეროებში. შედეგად, სახელმწიფო გამოვიდა ბაზრის ძირითად რეგულატორად, რის თვაlნათელ შედეგად უნდა მივიჩნიოთ კერძო ბანკების ჩანაცვლება სახელმწიფო ბანკებით და ა.შ.

უპირველეს ყოვლისა, ძირითადი ეკონომიკური ურთიერთობები წარმოადგენდა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს და თუ ამ პერიოდში კონკრეტულმა სახელმწიფომ მიაღწია გარკვეულ ჰეგემონიას, ეს იყო არსებული პოლიტიკური წესრიგი გაგრძელება: აუცილებელი იყო ის, რომ ძალთა ახალ გადანაწილებას შეექმნა საერთო წონასწორობის გარანტიები [სანიკიძე გ. 2001:148]. მრავალი მკვლევარი  უსვამდა ხაზს, რომ ამგვარი “მაკროეკონომიკური კაპიტალიზმი” წარმოადგენდა მისი წინამავალი “მაკროეკონომიკური კაპიტალიზმის” პირმშოს [სანიკიძე გ. 2001:148] . 

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ, დასავლეთის მაღალგანვითარებული ქვეყნების თაოსნობით,  ეკონომიკური კავშირების გაღრმავება-განვითარების მიზნით,განხორციელდა გარკვეული ტიპის სისტემების ჩამოყალიბება, სადაც განსაკურთრებულ როლს ბრეტონ-ვუდსის ეგიდით მოქმედი ინსტიტუციები ასრულებდნენ. მათ ძირითად ამოცანას წარმოადგენდა კრიზისების თავიდან არიდებისთვის შესაბამისი მექანიზმების შექმნა. ამასთან, მიღწეულ იქნა შეთანხმება საბაჟო ტარიფებსა და ვაჭრობაზე. ამან კი სათანადო პირობები შექმნა ვაჭრობის ლიბერალიზაციისკენ. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ბაზრების ლიბერალიზაცია – თავისუფალi ვაჭრობა დაემორჩილა ახალ საერთაშორისო წესრიგს, გაუჩნდა რა შესაბამისი ძალა საკუთარი კანონები მოეხვია არსებული პოლიტიკისთვის.

წარმოების პროცესების ავტომატიზაციამ თვისებრივად ახალი ეტაპი შექმნა ეკონომიკურ განვითარებაში. ეკონომიკურმა პროგრესმა შექნა საზოგადოების ახალ ეტაპზე გადასვლის წინაპირობა, რამაც ასახვა პოვა პორსტინდუსტრიალიზაციის პროცესისკენ, ეკონომიკური ზრდის ტემპების ამაღლებასა და ეკონომიკის რეალური სექტორის სწრაფ განვითარებაში.

XX საუკუნის 70-იან წლებიდან ინდუსტრიული საზოგადოების გადაზრდამ პოსტინდუსტრიული საზოგადოებისკენ, ბიძგი მისცა მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას, ხოლო გლობალიზაციის პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში კი ის იყო, მან ეკონომიკას სოციალური ორიენტაცია შესძინა [ასათიანი რ. 2010:17] . უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სწორედ ამ პერიოდიდან საერთაშორისო ფინანსური ბაზრების ლიბერალიზაციამ, ტარიფებისა და ფასების შესახებ ურუგვაის რაუნდის შეთანხმებამ ხელი შეუწყო მსოფლიო სისტემის გახსნილობას, ვაჭრობის მკვეთრ ზრდას და გლობალური პროცესების კიდევ უფრო გაღრმავებას.

XX საუკუნის 80-იანი წლებიდან კიდევ უფრო ფართო მასშტაბი მიიღო მსოფლიო ეკონომიკის ლიბერალიზაციამ, რაც გამოიხატებოდა სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკაზე ზრუნვის შემცირებით, მეწარმეობაზე ზეგავლენის შემცირებით და პროტექციონიზმზე უარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი არ გამორიცხავს სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ დახმარებას ადგილობრივი მწარმოებლებისთვის.

90-იანი წლების დასაწყისში ეკონომიკური ლიბერალიზაციის პროცესი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მიმდინარეობდა, განსაკუთრებით აქტიურად კი ლათინური ამერიკის ქვეყნებში. მკაცრ სახელმწიფო დაგეგმაზე უარის თქმამ, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებამ, მსხვილი ბანკების და სახელმწიფო დაწესებულებების პრივატიზაციამ, საბაჟო ტარიფების შემცირებამ, მათ მისცა შესაძლებლობა, მკვეთრად გაეზარდათ ეკონომიკური ზრდის ტემპები. ამ პროცესების ლოგიკურ შედეგად კი იქცა ეროვნული ეკონომიკების საერთაშორისო ურთიერთქმედების მკვეთრი აქტივიზაცია.

ბოლო 20 წლის განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ფინანსური კაპიტალის ინტერნაციონალიზაცია, რამაც განსაკუთრებული გამოვლინება პოვა საინვესტიციო ნაკადების მკვეთრ ზრდაში. მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის საერთაშორისო ეკონომიკურ ინტეგრაციას. ამ უკანასკნელის დაჩქარებაზე ორი ძირითადი ფაქტორი მოქმედებს: მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი და ტრანსნაციონალური კორპორაციების წარმოქმნა. თავის მხრივ, მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ოთხი ძირითადი ეტაპის არსებობაზე მიგვანიშნებს: თავისუფალი სავაჭრო ზონების არსებობა-ჩამოყალიბება, საბაჟო კავშირების შექმნა, ეკონომიკური კავშირების წარმოქმნა-განვითარება და ერთიანი ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბება.

დღესდღეობით გლობალიზაცია წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიოს ძირითად თავისებურებას, რომელიც “განსაზღვრავს მსოფლიო პოლიტიკის შინაარსს.” [ასათიანი რ. 2010:18]. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი გლობალურ პროცესებზე არის დამოკიდებული, რადგან იგი რადიკალურად ცვლის თანამედროვე საზოგადოებას არა მხოლოდ ცხოვრების მხრივ, არამედ განაპირობებს ეკონომიკის სტრუქტურის ძირეულ ცვლილებებსაც.

 ***

გლობალიზაციის პროცესის განვითარების პარალელურად ცვლილებები მიმდინარეობს საქართველოშიც. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველო ცდილობს მსოფლიო დემოკრატიული პროცესებში მონაწილე ქვეყანა გახდეს. თუმცა, ამ გზაზე ქვეყანას მრავალი სირთულის გადატანა უწევს – ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, სიღარიბე, უმუშევრობა, ეკოლოგიური საფრთხეები, დასაქმების პრობლემა. ამგვარი ტიპის პრობლემების თავიდან არიდება სასურველი იქნებოდა არა მათი უგულებელყობით, არამედ იმ გამოწვევებზე ეფექტიანი გზების ძიებით, რასაც გლობალიზაციის პროცესი უგზავნის დანარჩენ მსოფლიოს.

საზოგადოდ, მიიჩნევა, რომ ქვეყნის გლობალიზაციის დონე გვიჩვენებს თუ რამდენად არის ესა თუ ის ქვეყანა მზად მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის. გლობალიზაციის მაღალი დონე ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ძირითად ხელშემწყობ ფაქტორად მიიჩნევა. თუმცა, ეკონომიკური გლობალიზაციის მაღალ დონეს ერთი ნაკლი აქვს: ასეთი ტიპის ეკონომიკაზე გავლენას მსოფლიო ეკონომიკური კრიზისები ახდენს, რადგან ერთი ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სხვა ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებაზე. თუმცა პრაქტიკაში კრიზისისგან მიყენებული ზიანი შეიძლება შედარებით ნაკლები აღმოჩნდეს ვიდრე გლობალიზაციის შედეგად მიღებული სარგებელი. ამის ნათელ მაგალითად შესაძლებელია მოვიყვანოთ საქართველოს სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპი 2005-2007 წლებში, რომელიც ბევრად აღემატებოდა 2009 წლის 4%-იან ვარდნას.

XXI საუკუნის დასაწყისში, გლობალური პროცესების გაღრმავების პერიოდში, დღის წესრიგში დადგა გლობალიზაციის საერთო ინდექსის შემუშავების საკითხი. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა გლობალიზაციის “KOF” ინდექსი, რომელიც, დაწყებული 2002 წლიდან, ყოველწლიურად ქვეყნდება. მასში გაერთიანებული კრიტერიუმები ძირითადად ეყრდნობა მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, გაეროს ყოველწლიურ ანგარიშებს.   2016 წლისთვის აღნიშნულმა კვლევამ  207 ქვეყანა მოიცვა. ინდექსის მაჩვენებელი 3 ძირითად კატეგორიად არის დაყოფილი, რომლებიც შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმს ეფუძნება:

  • ეკონომიკური გლობალიზაციის, რომელშიც მნიშვნელოვან როლს ტრანსნაციონალური კორპორაციები ასრულებენ, განისაზღვრება ისეთი მნიშვნელოვანი მაჩვენებლებით, როგორიცაა საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულობის დონე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების დონე, საბაჟო პოლიტიკის სიმკაცრის ხარისხი, საიმპორტო ბარიერები და უცხოური კაპიტალის მოძრაობა;
  • სოციალური გლობალიზაცის კრიტერიუმად მიიჩნევა უცხოელებთან კონტასქტის სხვადასხვა მაჩვენებელი (მაგ., ტურისტების რაოდენობა, საერთაშორისო სატელეფონო ზარები, უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილი მოსახლეობაში, ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა და სხვა);
  • პოლიტიკური გლობალიზაციის დონის განმსაზღვრელი კრიტერიუმებია: საელჩოების რაოდენობა ქვეყანაში, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა, გაეროს უშიშროების საბჭოს ეგიდით განხორიციელებული მისიებში მონაწილეობა და საერთაშორისო ხელშეკრულებები.

ჩვენ აქ ყურადღებას გავამახვილებთ ეკონომიკურ გლობალიზაციაზე.  ტერიტორიითა და მოსახლეობით მცირე ქვეყნებისთვის გლობალურ, საერთაშორისო ბაზრებთან ინტეგრირება მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ეს კი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყნის ეკონომიკის საზღვრები ქვეყნის ფიზიკურ საზღვრებთან არ სრულდებოდეს, წარმოებული პროდუქციის მომხმარებელი მხოლოდ საკუთარი მოსახლეობა არ იყოს.

საქართველოს მიერ 2016 წლის რეიტინგში დაკავებული მე-16 ადგილი განაპირობა საერთაშორისო ვაჭრობის ლიბერალურმა პოლიტიკამ და უცხოური კაპიტალის თავისუფლად შემოსვლის შესაძლებლობამ. საქართველოს მაღალი ეკონომიკური პოზიცია  შემდგომი პერსპექტივის ამსახველს უფრო წარმოადგენს, ვიდრე მიღწეული განვითარების დონის.

საქართველომ გლობალიზაციის ინდექსში აღმასვლა 2006 წლიდან დაიწყო, რისი შედეგიც იყო 2004-2007 წლებში გატარებული რეფორმების შედეგი. სწორედ აღნიშნულ პერიოდში ჩაეყარა საფუძველი იმ ფუნდამენტს, რომელმაც გაუძლო ომს, ეკონომიკურ კრიზისებს, რუსულ აგრესიას და ა.შ. თუმცა აღნიშნულ გამოწვევებს ემატებოდა საკუთრების უფლების დაცვასა და სასამართლოში არსებული პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ 2013-2016 წლებში ეკონომიკური ზრდა შემცირდა, საშუალო 4%-იან ნიშნულს მაინც ინარჩუნებს. ეს კი უნდა აიხსნას ქვეყნის გლობალიზაციის მაღალი დონით, რასაც საგადასახადო ლიბერალიზაციით, ლიბერალური საერთაშორისო ვაჭრობის პოლიტიკით, ბიზნესის წარმოებაზე, უცხოური კაპიტალზე, სამუშაო ძალასა და ტურიზმზე რეგულაციების შემცირების წყალობით მივაღწიეთ.

მიუხედავად აღნიშნული წარმატებისა, არსებობს რამდენიმე გამოწვევა, რომელზეც საჭიროა ყურადღების გამახვილება. მიიჩნევა, რომ საერთაშორისო ვაჭრობა ქვეყანას საშუალებას აძლევს, გამოიყენოს ე.წ. შედარებითი უპირატესობა, ანუ სხვა ქვეყნიდან შემოიტანოს ის საქონელი და მომსახურება, რისი წარმოებაც ქვეყანას არ შეუძლია და პირიქით, სხვა ქვეყნებში გაიტანოს ის საქონელი და მომსახურება, რომლის წარმოებაც თვითონ შედარებით იაფი უჯდება. საბოლოო ჯამში, ქვეყანა იგებს როგორც ექსპორტიდან, ასევე იმპორტიდან. ყველაფერი ეს ზრდის მოსახლეობის დანაზოგს, რაც ინვესტირებისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.

ყოველივე ეს დამოკიდებული არის იმაზე, თუ რამდენად თავისუფალია საერთაშორისო ვაჭრობა ყოველგვარი სავაჭრო ბარიერისგან. რაც უფრო მეტია აღნიშნული შეზღუდვა, მით უფრო ძვირად უწევს მოსახლეობას ამა თუ იმ საქონლისა თუ მომსახურების შეძენას, რაც ამცირებს ეროვნულ დანაზოგს და შესაბამისად ინვესტიციასაც. შედეგად, ქვეყანა რჩება ჩაკეტილ საზღვრებში, განვითარების ნაკლები პერსპექტივით.

გლობალიზაციის პირობებში საქართველოსთვის მნიშვნელოვან როლს რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობა წარმოადგენს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ქვეყნებს შორის პოლიტიკური თანამშრომლობის გაუმჯობესებას, სტაბილურობის განცდის შექმნას, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებას. მაგალითისთვის, ექსპორტისა და იმპორტის წილის ზრდას მშპ-ში მოჰყვება ქვეყნის ეკონომიკის ეფექტიანობის ამაღლება. აღნიშნული მაჩვენებელი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა.

XXI საუკუნეში საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობები მრავალდონიანი სისტემის ფარგლებში შეიძლება განვიხილოთ, რომელსაც საფუძვლად საერთაშორისო შეთანხმებები უდევს. ამგვარი კავშირების არარსებობა შეიძლება იყოს ეროვნული ეკონომიკების არაკონკურენტუნარიანობის მიზეზი ან პირიქით. 2014 წელს ევროკავშირთან მოწერილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ხელმოწერის შემდგომ საქართველოს მიეცა უნიკალური შესაძლებლობა, გავიდეს ევროკავშირის 500 მლნ  ბაზარზე. შედეგად, ქვეყანას მიეცა ხელსაყრელი ბიზნესგარემოს და ინვესტორთა დაინტერესების შესაძლებლობა, რაც თავის თავში მოიაზრებს დასავლეთის მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან ეკონომიკური ინტეგრაციის პერსპექტივას.

საქართველომ ვერ მოახერხა, გადაქცეულიყო ექსპორტზე ორიენტირებულ ქვეყნად. დღესდღეობით სამომხმარებლო ბაზრის დიდი ნაწილი იმპორტულ საქონელს უჭირავს. მსოფლიოს თანამეგობრობასთან ეკონომიკური კავშირების დამყარების შედეგად ვითარდებოდა საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობები და ფართოვდებოდა ვაჭრობის გეოგრაფია. თუმცა, უარყოფითი საგადასახდელო ბალანსი კვლავ  რჩება საქართველოს ეკონომიკის უმთავრეს გამოწვევად. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების, სავაჭრო ბალანსის უარყოფითმა სალდომ 2015 წლისთვის შეადგინა -5,525.4 მლნ აშშ დოლარი,  ხოლო ექსპორტით იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტმა _ 30.9%.  მიუხედავად აღნიშნულისა,  მთავრობის მიერ განხორციელებულმა სატარიფო პოლიტიკამ და ტექნიკური რეგულირების სფეროს რეფორმამ საშუალება მისცა საქართველოს, გამხდარიყო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ ქვეყნად საგარეო-სავაჭრო პოლიტიკის თვალსაზრისით. მიუხედავად პოზიტიური ცვლილებებისა, საქართველოს საგარეო-სავაჭრო ურთიერთობები მთელი რიგი პრობლემებით ხასიათდება.

ბოლო ათწლეულში საქართველოში ეკონომიკური ზრდის მთავარ წყაროდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, გაზრდილი საგარეო ვადლებულებები და ფულადი გზავნილები რჩებოდა. აღნიშნულ სამ ძირითად ფაქტორს ემატებოდა საბანკო დაკრედიტების მკვეთრი ზრდა. შედეგად მივიღეთ შიდა მოთხოვნის ზრდა, რაც მეტწილად იმპორტის ზრდით კმაყოფილდებოდა. აღნიშნულ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა არაადეკვატურად იზრდებოდა, არ იქმნებოდა ახალი სამუშაო ადგილები, არ განვითარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თანმდევი მაღალტექნოლოგიური დარგები, რაც გამოიხატა იმაში, რომ ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა მკვეთრად დაეცა.საქართველოს შემთხვევაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბანდება ისეთ სფეროებში უნდა განხორციელდეს, რომლებიც პროდუქციის წარმოებაზეა დამოკიდებული და შესაძლებელია საერთაშორისო ბაზრებზე მისი რეალიზაცია. ინვესტიციების პრიორიტეტულ დარგებში დაბანდება  ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლების წინაპირობის შესაძლებლობას იძლევა. თავის მხრივ, კაპიტალის დაბანდება მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში ეკონომიკის ეფექტიანობის ზრდის შესაძლებლობას იძლევა. ამ უკანასკნელში გაწეული სახსრების ეკონომია კი საგრძნობლად დააქვეითებს საზოგადოების ეფექტიანობას, რაც მსოფლიოში ეკონომიკაში ინტეგრაციის გართულებას ნიშნავს. 

მნიშვნელოვან გამოწვევად უნდა ჩაითვალოს ძირითად კაპიტალში ინვესტიციების ზრდისა და მისი გამოყენების საკითხი. პროდუქციისა თუ მომსახურების წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ასახვას პოვებს პროდუქციის ხარისხზე, რაც მისი კონკურენტუნარიანობის ზრდის შედეგს წარმოადგენს. ინვესტიციების გარეშე, განსაკუთრებით კი ინოვაციების ტიპის კაპიტალში, წარმოუდგენელია კვლავწარმოების საკითხის წარმატებული გადაწყვეტა.

ტექნოლოგიების განვითარების პირობებში ინოვაციურ განვითარებაზე უარის თქმა საფრთხის მომტანი შეიძლება გახდეს ეროვნული ეკონომიკისთვის. თანამედროვე ეტაპზე ინოვაციების, წარმოებისა და მომსახურების ხარისხის თვალსაზრისით საქართველო მკვეთრად ჩამორჩება დასავლეთის მაღალგანვითარებულ ქვეყნებს. ამ მიმართულებით პროგრესი გულისხმობს წინსვლას სოციალურ-ეკონომიკურ, მეცნიერებისა და ინსტიტუციურ დონეზე, მათი მიღწევების პრაქტიკაში გამოყენებას საზოგადოების განვითარების ოპტიმალური სოციალურ-ეკონომიკური მოდელების ფორმირებისთვის მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ჩამოყალიბება, რომელსაც კოორდინირების და მედიატორის მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების მიღწევაში საკუთარი წვლილის შეტანა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების საფუძველზე ეკონომიკური კეთილდღეობის ამაღლება.

გლობალიზაციის პროცესში საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან გამოწვევად უნდა მივიჩნიოთ ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ქვეყნის ყველაზე პერსპექტიული დარგების: წარმოების, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის აღორძინების მთავარი წინაპირობაა. საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა საშუალებას აძლევს, გახდეს ლოგისტიკური ჰაბი, დამაკავშირებელი რგოლი აზიასა და ევროპას შორის. მიუხედავად არსებული პოტენციალისა, განუვითარებელი ინფრასტრუქტურა საშუალებას არ აძლევს ქვეყანას, სრულყოფილად გამოიყენოს აღნიშნული პოტენციალი. მთავარი პრობლემა იმაში უნდა ვეძიოთ, რომ ცუდად არის განვითარებული ქსელური ეფექტი.

ის გარემოება, რომ საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა თავისი გეოპოლიტიკური მდებაროებით, ანიჭებს პასუხისმგებლობას, დაიკავოს შესაბამისი ადგილი მსოფლიო თანამეგობრობაში. გადაიდგა კიდეც გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები, რაც გამოიხატა იმაში, რომ საფუძველი ჩაეყარა ტრანსკავკასიურ ნავთობსადენის – “ბაქო-თბილისი-ერზრუმის,” “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” პროექტების განხორციელებას ასევე განხორციელდა თანამედროვე აბრეშუმის გზის – “ყარსი-ახალქალაქი-ბაქოს” სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა  და ა.შ.  ამ პროექტებმა მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას და საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციისა თუ კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას. მიუხედავად აღნიშნულისა, ქვეყანაში მაინც რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები და ხელისუფლების მხრიდან ყურადღების გამახვილებას მოითხოვს.

გლობალიზაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიკაციას ენიჭება. ასეთი ტიპის ეკონომიკის უპირატესობა ისაა, რომ დივერსიფიცირებული ეკონომიკა საქონლისა და მომსახურების მრავალფეროვნების, დარგობრივი სტრუქტურის კრიზისის დაძლევის საშუალებას იძლევა. დღესდღეობით საქართველოს ეკონომიკა მეტწილად იმპორტზეა  დამოკიდებული. ეს უკანასკნელი  ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ იგი აფერხებს რეალური წარმოების და მომსახურების სფეროს დივერსიფიკაციას. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ინტერესები უნდა გაერთიანდეს ეკონომიკის დივერსიფიკაციის და იმპორტის ჩანაცვლების პრობლემების და შრომის დანაწილების პროგრამების გამოყენების ირგვლივ.

მიუხედავად აღნიშნული გამოწვევებისა, გლობალიზაციას შეუძლია სარგებლის მოტანა. მთავარია ქვეყანამ გამოიყენოს ის უპირატესობები, რაც საქართველოს ბუნებრივად აქვს ბოძებული: კარგი გეოპოლიტიკური თუ გეოგრაფიული პოტენციალი. საქართველოს ტრანზიტული ენერგეტიკული, ტურისტული პოტენციალის სრულყოფილად ათვისება განაპირობებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამღალებას და ეკონომიკურ განვითარებას. გლობალიზაციის, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებისა და ინტეგრაციის მეტად რთულ პირობებში საქართველომ უნდა შეინარჩუნოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და საკუთარი ტრადიციების საფუძველზე უნდა ააშენოს ევროპული დემოკრატიული, ცივილიზებული სახელმწიფო.

დასკვნა

გლობალიზაციის პირობებში  სახელმწიფომ  იმგვარად უნდა იმოქმედოს, რომ ქვეყანამ სწრაფად აუწყოს ფეხი მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ძვრებს. ამისთვის კი საჭიროა ისეთი ქმედითი ნაბიჯების განხორციელება, როგორიცაა:

  • ქვეყნის, როგორც სატრანზიტო ფუნქციის სრულყოფა და განვითარება;
  • დასავლეთის მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობების და მსოფლიო ეკონომიკაში პოზიციების გამყარება;
  • ექსპორტზე ორიენტირებული დარგების განვითარება;
  • ქვეყნაში ინოვაციებისა და მეცნიერებატევადი მიმართულების დარგების სრულყოფა და გაძლიერება;
  • აუცილებლობას წარმოადგენს იმის შეფასება, თუ რა დადებითი ეფექტი შესაძლოა მოჰყვეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, კერძოდ, ეკონომიკური ზრდის წახალისება, ტექნოლოგიების დანერგვა.
  • გლობალიზაციის პირობებში საქართველოსთვის უმჯობესი იქნება საერთაშორისო საწარმოებთან ალიანსების შექმნა, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროდუქციის საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირებას.

ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მიმართულებად მაკროეკონომიკური სტაბილურობა უნდა მივიჩნიოთ. სწორად წარმართული ფისკალური თუ მონეტარული პოლიტიკა წარმოადგენს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების საფუძველს, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკის მიმართ ნდობის გაძლიერება. ყოველივე ეს, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერიოდში აისახება დასაქმებისა თუ ეკონომიკურ ზრდაში.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. სანიკიძე გ., კიღურაძე ნ., 2001, თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები, მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისთვის / ლია კაჭარავა]; ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ გვ. 148.
  2. ასათიანი რ., 2010,  გლობალიზაცია, ეკონომიკური თეორია და საქართველო, გვ. 17,  18.  
  3. ქავთარაძე მ., ბეჟანიძე ნ., 2016,  „საქართველო და გლობალიზაციის გამოწვევები“ - ჟურნალი „ეკონომიკა“ #11-12 გვ. 43-45;  49.
  4. http://globalization.kof.ethz.ch/
  5. www.geostat.ge
  6. http://forbes.ge/news/692/saqarTvelos-ekonomikuri-globalizacia;